შალაურის შესახებ


შალაური (ძველად შალვაური ) არის პატარა ლამაზი სოფელი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე. იგი დაახლოებით 2 კმ-ით არის დაშორებული ქალაქ თელავიდან (კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი). მისი მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 2200 მაცხოვრებელს (2014 წლის მონაცემებით).
სოფელი შალაური, იგივე შალვაური ისტორიულ სიგელში მოხსენიებულია XIV საუკუნეში. იგი ასევე მოხსენიებული აქვს XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს და მკვლევარს- იოანე ბაგრატიონს თავის ნაშრომში: ,,ქართლ-კახეთის აღწერა“.
შალაური არის ტიპიური კახური სოფელი თავისი არქიტექტურით და სოციალურ-ეკონომიური წყობით. ყველაზე გავრცელებული გვარებია: გრემელაშვილი, ერგემლიძე, ჯოხარიძე, მჭედლიშვილი, ძამუკაშვილი. აქ ცხოვრობენ აგრეთვე სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული გვარის ხალხი: შავაძეები, წიგნაძეები, ჟონჟოლაძეები და სხვები.
დღევანდელი სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ძველი სოფლების, მარკაანის და სეროდანის მაცხროვრებლების შთამომავლებს წარმოადგენს. ეს სოფლები მდებარეობდა დღევანდელი სოფლის სამხრეთით, ცივ-გომბორის მხარეს, შემაღლებულ ადგილებზე ტყესთან ახლოს.
მოხუცების გადმოცემით მოსახლეობის ტყეში დასახლება განპირობებული ყოფილა, მტრის შემოსევისგან თავდაცვის გამო. ტყე იყო მათი თავშესაფარი იმ დროს. მაგრამ სამწუხაროდ, გავრცელდა საშიში დაავადება, მალარია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გადარჩენის მიზნით მცხოვრებლებმა დატოვეს თავიანთი სახლები და დასახლდნენ სოფელ შალაურის ტერიტორიაზე.
ძველი სოფლების ნასახლარებზე ვხვდებით სახლის ნანგრევებს, ჭურჭლის ნამტვრევებს, თიხის დოქებს და სხვა ნივთებს ნაპოვნი ნივთებისის უმეტესობა თიხისა და კერამიკისგანაა დამზადებული. სამარხებში ნაპოვნია სხვადასხვა სახის ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს სამკაულები. ყოველივე ეს მიგვანიშნებს სოფლის უძველეს ისტორიულ და კულტურულ წარსულზე და მის ძვირფას კულტურულ მემკვიდრეობაზე.

შალაური. მხატვარი: ირინე ჩიხრაძე (ხელოვნების მასწავლებელი)

შალაური არის მდიდარი თავისი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით. სოფელში შვიდი ეკლესიაა, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდშია აგებული. ესენია:

 · მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (მდებარეობს ძველი სოფლის, სეროდანის ტერიტორიაზე)
 ·  ორი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (მდებარეობს ძველი სოფლის, სეროდანის ტერიტორიაზე)
  ·     წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია (მდებარეობს ძველი სოფლის,მარკაანის ტერიტორიაზე)
· სვეტიცხოველი (მდებარეობს ძველი სოფლის მარკაანის ტერიტორიაზე)
 ·    კვირიკე (მდებარეობს ტყეში)
 ·      კვირაცხოველი (მდებარეობს ტყეში)
  სწორედ ამ ისტორიულ ძეგლებს უკავშირდება სოფლის რელიგიური დღესასწაულები. ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულები სოფელში არის: „გიორგობა“ (რომელიც აღინიშნება 6 მაისს და 23 ნოემბერს); ,,მარიამობა“(აღინიშნება 28 აგვისტოს); ,,სვეტიცხოვლობა“ (14ოქტომბერი); „ბარბარობა“ (17 დეკემბერი).
რელიგიურ დღესასწაულებშია გამოხატული ჩვენი წინაპრების ეროვნული ტრადიციები, მრწამსი, მათი სულიერება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა საუკუნეების განმავლობაში.



No comments:

Post a Comment